სალომე ზურაბიშვილი: 1989 წლის 9 აპრილს მოჰყვა 1991 წლის 9 აპრილი. ესაა გამარჯვების მაგალითი. ყოველი ბრძოლა ყოველთვის ღირს, თუ ის არის ღირსეული, თუ ის არის თავისუფლებისთვის

საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

,,დღეს აქ მოტანილი ტიტები არის არა მხოლოდ 9 აპრილს დაღუპული გმირებისთვის, ეს ყვავილები ასევე ამკობს იმ გმირებს, ქართველებს თუ უკრაინელებს, რომლებიც დღეს იბრძვიან ზუსტად იმავე იდეებისთვის, იმავე თავისუფლებისთვის, იმავე დამოუკიდებლობისთვის.

ჩვენი მაგალითია ის, რომ 1989 წლის 9 აპრილს მოჰყვა 1991 წლის 9 აპრილი. ეს არის გამარჯვების მაგალითი. ეს არის იმის იმედი, რომ ყოველი ბრძოლა ყოველთვის ღირს, თუ ის არის ღირსეული, თუ ის არის თავისუფლებისთვის. ჩვენ ეს არასდროს უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვიდგეთ ჩვენი უკრაინელი ძმების გვერდით.

ნებისმიერი ბზარი ჩვენსა და უკრაინას შორის მხოლოდ და მხოლოდ ერთს ახეირებს და ეს რუსეთია. ეს უნდა ვიცოდეთ, არ დაგვავიწყდეს და ვიყოთ სოლიდარულები. უნდა ვიყოთ ჩვენი წარსულის, ტრადიციების და ასევე ამ ადამიანების ღირსნი, ვინც აქ, 1989 წელს იდგა და არ დაჩოქილა!" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილის მემორიალთან. 

9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

ასევე წაიკითხეთ 

პრეზიდენტმა 9 აპრილთან დაკავშირებით 15 მსჯავრდებული შეიწყალა